ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი, არასრულწლოვანი გოგონა შაბათის ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ პანსიონში სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
გოგონა ჰყვება, რომ 15 წლის ასაკში ის გააუპატიურეს. სავარაუდო მოძალადე პანსიონში, მასთან ერთად ცხოვრობდა. მისი თქმით, შემთხვევაც სწორედ იქ მოხდა და ტერიტორიაზე ამ დროს არასრულწლოვანი ბავშვების აღმზრდელებიც იმყოფებოდნენ.
"დირექტორმა გამიშვა კაჩიგარში, შევედი, არავინ არ იყო, გამოვბრუნდი და უკნიდან ის დამხვდა. გაჩუმდიო, თუ იყვირებ, რაც მოგივა შენს თავს დააბრალეო. სექსუალურად იძალადა იქვე, ფეხები გამიკოჭა, ვერ გამოვექეცი", - ამბობს არასრულწლოვანი.
მოზარდი შაბათის ფორმულას უყვება, რომ სავარაუდო მოძალადე მომხდარიდან კიდევ ერთი წლის განმავლობაში პანსიონში მუშაობას აგრძელებდა. 40 წლამდე კაცი გოგონას აშინებდა.
"2 თვე არავის არ ველაპარაკებოდი, სკოლაში არ დავდიოდი. მასწავლებლებს ფეხებზე ეკიდათ. ღამე მესიზმრებოდა და ვკიოდი. 1 წელი ამას ვმალავდი. მეშინოდა ჩემი ოჯახის წევრებს არ ენერვიულათ, ახლაც არ იციან", - აცხადებს გოგონა.
არასრულწლოვანი ამბობს, რომ მისი დაშინება მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც ნინოწმინდა დატოვა და ცხოვრება სხვაგან გააგრძელა. სავარაუდო მოძალადე მას სოციალური ქსელით ეკონტაქტებოდა, ემუქრებოდა, უთვალთვალებდა, საკუთარ მეგობრებსაც უგზავნიდა. გოგონას თქმით, ის დანითაც დაჭრეს.
"მაღაზიაში გავედი, დავინახე იქ იდგა, მოვბრუნდი. მერე ისევ გავედი, მოვიდა 2 კაცი და გავიქეცი. მომაბრუნეს და დანა დამარტყეს მუცელში. ოპერაცია გამიკეთეს. ოპერაციის მერე მწერს: "როგორ გამოგფატრა ჩემმა კაცმაო", - თქვა პანსიონის ყოფილმა ბენეფიციარმა.
მიმოწერა, რომელიც მსხვერპლმა შაბათის ფორმულას აჩვენა, წელიწადზე მეტხანს გრძელდება. სავარაუდო მოძალადე არასრულწლოვანის ფსიქოლოგიურად ატერორებს, ძალადობას ახსენებს და მკაცრად აფრთხილებს, რომ ამ მიმოწერის შესახებ არავინ გაიგოს.
სექსუალური ძალადობის ფაქტის შესახებ სამართალდამცავებმა სოცმუშაკისგან 2019 წელს შეიტყვეს. როგორც მოზარდი ჩვენთან საუბარში ყვება, მაშინ პოლიციამ სავარაუდო მოძალადეც დაკითხა, თუმცა მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ. პირი, რომელსაც გოგონა მოძალადედ ასახელებს, ახლაც თავისუფალია.